ებრაელი
მწერლის, მეირ ლევინის მოთხრობა პირველად ქართულ
ენაზე, სოფი გორელაშვილის თარგმანი. ისიამოვნეთ!
ჩემი პირველი მოთხრობების კრებული “ანგელოზები ავტობუსში” ამ სიტყვებით
დავასრულე: “ცოტა მიიწიეთ, მეც დავდგე იმ მთის ქვეშ, რომელსაც აქამდე ვერ
ვამჩნევდი.” ყოვლისშემძლე ღმერთს უჭირავს ეს მთა სამყაროს თავზე და, თუ
ებრაელები თორის კანონებს არ დაიცავენ, განადგურებით ემუქრება. თუმცა
არავინ ჩქარობდა ჩემთვის ადგილი დაეთმო. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მე იქ
არაფერი მესაქმებოდა, ან იქნებ სხვებს, უკვე მთას რომ იჭერდნენ, ხელს
ვუშლიდი ჩემი დაჟინებული თხოვნით, ადგილი დამითმეთო. მე, უბრალოდ, ვერ
ვხვდებოდი, რომ იმ მთის ქვეშ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. ეტყობა მეგონა,
რომ შემეძლო მთის დიდი ნაწილი მე დამეჭირა მხრებით. ყველას თავისი ადგილი
ნაპოვნი ჰქონდა, მე კიდევ - საშინელი აზრები მიპყრობდა. “იქნებ ეს ის მთა არაა და არც ის ხალხია? იქნებ ყველაფერი ილუზიაა?” საბედნიეროდ, ერთი ისტორია გამახსენდა სოლომონ მეფის ცხოვრებიდან.
ერთხელ სოლომონ მეფეს ყოვლისშემძლე გამოეცხადა სიზმარში და უთხრა: “რაც
გინდა მთხოვე და მოგცემ.” სოლომონმა უპასუხა: “შენ მეფედ დამსვი, მაგრამ
არ გისწავლებია საქმის მართვა. უბოძე შენს მონა-მორჩილს ბრძენი გული,
ბრძნულად რომ განსაჯოს შენი ერი და გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან.” მოეწონა
გამჩენს სოლომონის სიტყვები. უთხრა: “რადგან არ მთხოვე სიმდიდრე, არც
მტრების განადგურება, მოგცემ მე შენ სიბრძნეს, სიმდიდრესა და სახელს.”
დავფიქრდი, ჩემთანაც რომ მოსულიყო გამჩენი და ეკითხა, რას ვისურვებდი, რა
უნდა მეთხოვა? მე ხომ მეფე არა ვარ. ცხოვრებაში არ მქონია უფროსობის
სურვილი. სიბრძნე კიდევ, თავად სოლომონ მეფის სიტყვებით, კიდევ უფრო
აღრმავებს სევდას. რაც მაქვს, ისიც მყოფნის. სიმდიდრე – არ მინდა და
არასოდეს მნდომებია. ვნებებიც ასაკთან ერთად ჩაცხრა. სახელი? ხალხის აზრის
მიმართ გულგრილი ვარ, რადგან ჯანმრთელობას ამაზე მეტად არაფერი ვნებს.
მხოლოდ ერთს ვთხოვდი ზეციურ მეფეს: “მასწავლე შენი ხალხის სიყვარული. ამაშია მთელი საგანძური, რადგან ნათქვამია, ბრძენს თავისი მოწინააღმდეგეც კი უყვარსო. ერთხელ მითხრეს: შენ არასოდეს აკრიტიკებ ვინმესო. მე კიდევ ვუპასუხე: ჯერ სიყვარული უნდა ვისწავლო-მეთქი. უზენაესო, მასწავლე სიყვარული!
P. S. კრიტიკას ბოლო წიგნშიც ვერ ნახავთ (საკუთარ თავს არ ვთვლი). როგორც
ჩანს, მისმინა გამჩენმა. ჩემს ერში ცუდს ვერ ვხედავ. ერთგვარ დალტონიკად
ვიქეცი. რაც მთავარია – ადგილი ვიპოვე იმ მთის ქვეშ: ვეძებ მცნებებს,
რომლების შესრულებაც ჩემ გარდა არავის უნდა, ან არ შეუძლია. ახლა ჩემი
დევიზი ასეთია: მაგრად დადექი! მაგრად!